დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის
ფარგლებში ქართული მხარის მოწვევით, თბილისში სუამ-ის გენერალური მდივნის ალთაი ეფენდიევის სამუშაო ვიზიტი გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში სუამის გენერალური მდივანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, ხოლო 13 თებერვალს გაიმართა კონსულტაციები სუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვახტანგ მახარობლიშვილთან.
შეხვედრებზე მხარეებმა ორგანიზაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ძირითადი საკითხები, 2017 წელს სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის პროგრამის - „ერთად ძლიერი სუამ-ისთვის“ პრიორიტეტები და სუამ-ის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.
ქართულმა მხარემ დაადასტურა სრული მზადყოფნა, გააგრძელოს აქტიური ძალისხმევა სუამ-ის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისა და საერთაშორისო არენაზე ორგანიზაციის იმიჯის შემდგომი განმტკიცების მიზნით. ამასთან, ხელი შეუწყოს სუამ-ის ფარგლებში პოლიტიკური კონსოლიდაციის გაძლიერებას, დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას და სუამ+ ფორმატებში პარტნიორ ქვეყნებთან (აშშ; იაპონია; ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნები) თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას.
ხაზი გაესვა მ/წლის 27 მარტს კიევში დაგეგმილი სუამ-ის წევრი ქვეყნების მთავრობათა ხელმძღვანელების შეხვედრისა და სუამ-ის ბიზნეს ფორუმის გამართვის მნიშვნელობას, რომელიც ახალ იმპულსს შეძენს ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობას, განსაკუთრებით ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროებში.
14 თებერვალს, სუამ-ის გენერალური მდივანი ასევე შეხვდა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებს. შეხვედრისას ქართულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა ხელი შეუწყოს აქტიური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას როგორც სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ასევე სხვა საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებთან.
სუამი-ის გენერალური მდივნის თბილისში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან გენადი არველაძესთან, საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან თედო ჯაფარიძესთან და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გიორგი ჩოგოვაძესთან.

















