კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ „რესპუბლიკურ პარტიასა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ შორის არანაირი დაპირისპირება
არ არსებობს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ ხმალაძემ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით უთანხმოება აქვთ.
„ამის დასტურად შემიძლია პრაიმერის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებაც მოვიყვანო, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა დაადასტურა. პრაიმერის შედეგებით, „რესპუბლიკური პარტიის“ მაჟორირატორობის კანდიდატები ლიდერობენ“ - აღნიშნა ხმალაძემ.
მისივე თქმით, ამ ეჭვების გასაქარწყლებლად ის ფაქტიც საკმარისია, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანაია და “რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სტამბულში ერთად იმყოფებიან კონფერენციაზე.
ხმალაძე ვარაუდობს, რომ „რესპუბლიკელებსა“ და ალასანიას პარტიას შორის შუღლის გაღვივება რომელიღაც მესამე მხარის ინტერესებში იყო, თუმცა, ვის ინტერესში, ხმალაძეს არ დაუკონკრეტებია.

















