პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“ დედაქალაქის მერიას თბილისში მდებარე ავარიული სახლების პრობლემით დაინტერესებას და მათ გამაგრებას სთხოვს.
აღნიშნულ თემაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ბალიაშვილმა დღეს პრესკონფერენცია სლავა მეტრეველის ქუჩაზე გამართა, სადაც ჟურნალისტ ნინო ცხოიძის საცხოვრებელ სახლს კედელი ჩამოენგრა.
ბალიაშვილის თქმით, ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ ქალაქში სახლები ინგრევა, გზები წყალს მიაქვს და ადამიანები იხრჩობიან, თბილისის მერია კი, საფრთხის თავიდან აცილებაზე არ ფიქრობს.
აღნიშნულის მაგალითად ბალიაშვილმა ჟურნალისტ ნინო ცხოიძის სახლი მოიყვანა, რომელიც მისი თქმით, მრავალი წელია, ავარიულია.
„ეს არც ბარაკია და არც იმ კატეგორიის სახლი, რომელთა ნგრევაც სააკაშვილმა გამოაცხადა. ყოველ მიწისძვრაზე, ყოველ წვიმაზე მისი კედელი იშლება, ასეთ მდგომარეობაშია მთელი პლეხანოვი, მთელი ძველი თბილისი“-აღნიშნა მან.
ბალიაშვილის განმარტებით, მცირე მიწისქვეშა ბიძგების ან ძლიერი წვიმის შემთხვევაში შენობა ნანგრევებად იქცევა. ის რაიონის გამგეობას ფაქტზე რეაგირებას სთხოვს.
„არ შეიძლება, 21 საუკუნეში ადამიანი ცხოვრობდეს იმის შიშით, რომ სახლში წვიმა არ ჩამოუვიდეს, კედელი არ ჩამოენგრეს და ნანგრევებში არ მოყვეს“-განაცხადა ბალიაშვილმა.
პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, ხიდების და საბაგიროების მშენებლობის ნაცვლად ყურადღება მსგავს პრობლემებს მიაქციოს.

















