პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ კოალიციის მხარდამჭერის ბესო კუჭუხიძის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან
განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.
კოალიციის ცნობით, მარნეულის რაიონის სოფელ ორჯონიკიძეში მცხოვრებ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს ბესო კუჭუხიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი წარმომადგენლები ემუქრებიან.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ 19 ივნისს ღამის 03:15 საათზე, კუჭუხიძის საცხოვრებელ სახლში 3 ნიღბიანი პირი შეიჭრა. სახლში ამ დროს კუჭუხიძის მეუღლე ნონა ასანიძე და 3 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდნენ. მათ ბესო კუჭუხიძეს „ქართულ ოცნებასთან“ ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა მოსთხოვეს და დაემუქრნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ინანებდა.
„იმისათვის, რათა შემდეგშიც მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს, პრევენციისათვის ყველა ხერხს მივმართავთ. საერთაშორისო დამკვირვებლებს, უწყებათაშორისი კომისიას, საერთაშორისო სადამკვირვებლო და ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებს ამ შემთხვევის შესახებ ვაცნობებთ. ამასთან, ადვოკატის თანხლებით კუჭუხიძე პოლიციაში განცხადებას შეიტანს“ - აღნიშნა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.
კოალიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევას წინ უძღოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან მუქარა.

















