ქართული ტერორისტული დაჯგუფებების გალის რაიონში გააქტიურების გამო, გართულებული კრიმინოგენური ვითარების განხილვას მიეძღვნა
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან ალექსანდრე ანქვაბთან გამართული თათბირი. ინფორმაციას ამის შესახებ „აპსნიპრესი“ ავრცელებს.
თათბირში დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ ლოგუა, დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა, დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა და დე-ფაქტო ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
ჩირიკბას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებებზე ცალკე შეხვედრა დაეთმო გალის რაიონში ტერორიზმის საკითხებს. „განვაცხადეთ, რომ საქართველომ გალის რაიონში ტერორისტული საქმიანობა განაახლა და ვთქვით, რომ ეს ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება“ - განაცხადა დე-ფაქტო მინისტრმა.
როგორც აღინიშნა, ამ საკითხზე აფხაზეთის დელეგაციამ აშშ-ს წარმომადგენლებს მიმართა.

















