საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საფრანგეთის რესპუბლიკას
პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები საფრანგეთის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთანაა დაგეგმილი.
მიხეილ ჯანელიძე ფრანგ კოლეგას, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრს ჟან მარკ ეროსს და ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანს არლემ დეზირს შეხვდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე, შეხვედრებს საფრანგეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრ სენატორებთან და ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ პარლამენტარებთან გამართავს.
დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაციების და ანალიტიკური ფონდების წარმომადგენლებთანაცაა დაგეგმილი.
უწყების ცნობითვე, პარიზში ყოფნის დრო მინისტრი ლევილის ქართულ მამულს მოინახულებს და ლევილის ქართველ მამულიშვილთა სასაფლაოს გვირგვინით შეამკობს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრას სტუდენტებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთანაც გამართავს.
„აღსანიშნავია საქართველო-საფრანგეთის წარმატებული ურთიერთობები პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში, ასევე ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა“-აცხადებენ საგარეო უწყებაში.
მინისტრი საფრანგეთს 2017 წლის 6-8 თებერვალს ეწვევა.

















