„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ მიესალმება უწმინდესისა და უნეტარესის განცხადებას, ბაგრატის ტაძრის
სარესტავრაციო სამუშაოების შეჩერების თაობაზე.
ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს და იმედს გამოვთქვამს, რომ საქართველოს ეკლესიის მკვეთრი პოზიცია და შემდგომი ქმედებები რეალურ პოზიტიურ შედეგს გამოიღებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არც „იუნესკოს“ და არც საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება არ გაითვალისწინა და ტაძრის რესტავრაცია ისე დაიწყო.
„დემოკრატიული მოძრაობა“ თავიდანვე თვალყურს ადევნებდა ამ პროცესს და 2009 წლის 9 ოქტომბერს გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომ ვითარება საეჭვო და საგანგაშო იყო, რადგან ხელმოუწვდომელი იყო ყველანაირი ინფორმაცია ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის პროექტთან დაკავშირებით“- აცხადებენ პარტიაში და აღნიშნავენ, რომ ამ საკითხზე „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ესაუბრა კიდეც.
მათივე ცნობით, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ 2009 წლის 9 ოქტომბერს ასევე წერილით მიმართა „იუნესკოს“ გენერალურ მდივანს ირინა ბოკოვასაც და ბაგრატის ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით „იუნესკოს“ შესაბამისი სტრუქტურის პოზიციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.
განცხადების თანახმად, ნინო ბურჯანაძე, ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის დროს ეწინააღმდეგებოდა ბაგრატის ტაძრის „იუნესკოსთან“ და სპეციალისტებთან შეუთანხმებელი პროექტით რესტავრაციას და ამ პროცესის შეჩერება შეძლო კიდეც.
„სამწუხაროდ, ხელისუფლების ოთხწლიანი გაუაზრებელი სარეკოსნტრუქციო სამუშაოების შემდეგ, ნათლად გამოჩნდა, რომ ბაგრატის ტაძარი კარგავს ავთენტურობას და ვეღარ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ყოფნისთვისაა საჭირო. ასეთია „იუნესკოს“ წინასწარი დასკვნაც“- ნათქვამია განცხადებაში და ასევე აღნიშნულია რომ, მოქმედი ხელისუფლება აგრძელებს ანტიეროვნულ მიზანმიმართულ პოლიტიკას - გაანადგუროს ყველაფერი ტრადიციული და ისტორიული, რაც ხალხისთვის ფასეულია.

















