საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროკომისიის სამეზობლო
პოლიტიკასა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორთან ქრისტიან დანიელსონთან და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორთან თომას მაირ-ჰარტინგთან, რომლებიც საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან, შეხვდერა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტები მიმოიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი „ასოცირების დღის წესრიგის“ და ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო-დოკუმენტის დროულად შემუშავების მნიშვნელობაზე გაკეთდა. დოკუმენტი საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილი რეფორმების წარმატებით გატარებაში დაეხმარება. ქართული მხარე ქვეყანაში ეკონომიკური მოდერნიზაციისა და განვითარების ხელშეწყობაზე ევროკავშირის დახმარების ფოკუსირებას მიესალმება. ასევე მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერასა და პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბებას, რაც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს ეხმიანება. მხარეებმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო პროცედურების უმოკლეს ვადებში დასრულების აუცილებლობას ხაზი გაუსვეს. ეს საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ. შეხვედრაზე სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა აღინიშნა, რომლის მიზანია ქვეყანაში ევროკავშირის ჩართულობისა და ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული კონკრეტული შედეგების წარმოჩენა. ორივე მხრრე ამ მიმართულებით ძალისხმევის ინტენსიფიკაციისა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებისთვის მზად არის. მხარეებმა ასევე სამომავლო პრიორიტეტებზე მოსაზრებები გაცვალეს და ამ კონტექსტში, 2017 წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებიც ამ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრობლემებს უკავშირდება, მათ შორის ადამიანების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას. ქართულმა მხარემ ევროკავშირის აქტიური ჩართულობისადმი მადლიერება გამოხატა, მათ შორის მონიტორინგის მისიასა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. თავის მხრივ, ევროკავშირის დელეგაციამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის დელეგაცია საოკუპაციო ხაზის მონახულებას გეგმავს სოფ. ხურვალეთში.

















