იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ
იაგლანდს შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამართლის უზენაესობისა და უფლებრივ სფეროში წარმოებულ რეფორმებზე, სასამართლოს რეფორმის მესამე ტალღასა და საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ წულუკიანმა განაცხადა, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის კონტექსტში საუბარი, აღნიშნული რეფორმის პაკეტზე პრეზიდენტის ვეტოსაც შეეხო.
„ბატონ იაგლანდს ვაცნობეთ, რომ პარლამენტი მომავალი კვირიდან შეიკრიბება და საკითხზე იმსჯელებს; თუმცა, რაც შეეხება სამწლიან გამოსაცდელ პერიოდს, ვიდრე ჩვენ კონსტიტუციაში ეს ნორმა გვაქვს და იმაზე ვიმსჯელებთ, საჭიროა, თუ არა მისი კონსტიტუციის რეფორმისას შენარჩუნება, მანამდე კანონი კონსტიტუციას ვერ შეცვლის და, ალბათ, ამ საკითხზე მსჯელობა არა ახლა, არამედ მომავალში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას მოგვიწევს.
შევთანხმდით იმაზე, რომ ყველანი, არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო, მთავრობა და ევროსაბჭო, არამედ თითოეული მოსამართლე, ამ რეფორმის ძალაში შესვლას იმისთვის ელოდებიან, რომ თუნდაც, სასამართლოს თავმჯდომარეების იმ საშინელი ტვირთისგან გათავისუფლება მოხდეს, რასაც გვიან ღამემდე სამსახურში ყოფნა და საქმეების ხელით განაწილება ჰქვია“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებაც ისაუბრეს.
„როდესაც საგამოძიებო მექანიზმზე ვმსჯელობთ, მეორე პროკურატურა კი არ უნდა შეიქმნას, არამედ როგორც ევროპული ქვეყნების უმრავლესობაშია − მხოლოდ გამოძიების ფუნქციების მქონე დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურატურა საპროცესო ზედამხედველობას გაუწევს. მთლიანობაში ბატონი იაგლანდის ვიზიტი მნიშვნელოვანი, საინტერესო და ძალიან მეგობრული იყო“-აღნიშნა მინისტრმა.
შეხვედრის დასასრულ, თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს საჩუქრად ქართული ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“ მიერ შესრულებული „ევროპის ჰიმნის“ პოლიფონიური ვარიაცია (ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია) გადასცა. მინისტრმა ტორბიორნ იაგლანდს სთხოვა, აღნიშნული კომპოზიცია მოისმინოს და მისი შესაძლებლობა ევროსაბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნების შესახებ ( http://www.coe.int/en/web/about-us/the-european-anthem ) განიხილოს, სადაც „ევროპის ჰიმნის“ სხვადასხვა ვერსიაა თავმოყრილი.
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი საგარეო საქმეთა მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე შეხვდა. დაგეგმილია ასევე მისი შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტთან.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი 31 იანვარს დასრულდება.

















