კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „სახალხო კრების“ თანამშრომლობა გაერთიანებაზე არ მიუთითებს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პოლიტოლოგმა
რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომლებზეც ხელისუფლებასთან კავშირზე არ ეჭვობდა, თანამშრომლობაზე ადრეც საუბრობდა.
„საუბარია იმაზე, რომ სადაც აღნიშნული ოპოზიცია წარადგენს მაჟორიტარებს, იქ ივანიშვილის გაერთიანება კონკურენტს ან არ დაასახელებს ან ძლიერს არ დაუპირისპირებს. ეს არ არის მათი გაერთიანება, ეს თანამშრომლობაა ამ სიტყვის ვიწრო გაგებით“ - აღნიშნა საყვარელიძემ.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ქართულ გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ „სახალხო კრების“ წევრებისადმი მას აქვს შეთავაზება. ამ წინადადების თანახმად თუ ნონა გაფრინდაშვილი, ლუკა კურტანიძე და სოსო ჯაჭვლიანი რეგიონებში კოალიციასთან შეთანხმებით მაჟორიტარებად იყრიან კენჭს, „ქართული ოცნება“ თავის კანდიდატებს მოხსნის და მათ დაუჭერს მხარს.
„სახალხო კრების“ აღმასრულებელმა საბჭომ ეს შეთავაზება უკვე განიხილა და ამ საკითხზე კონსულტაციების დაწყების უფლება ნონა გაფრინდაშვილს, გია ბურჯანაძეს, ლუკა კურტანიძეს და სოსო ჯაჭვლიანს მიანიჭა.

















