საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელიც სტრასბურგში იმყოფება, ევროპის
საბჭოს გენერალურ მდივანთან, თორბიორნ იაგლანდთან გამართა შეხვედრა. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილის მიერ გაკეთებული განაცხადებით, თორბიორნ იაგლანდი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციის საკითხების, ასევე, ამ მიმართულებით, ევროსაბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტის წევრებმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და მის საქმიანობაში ევროსაბჭოს ჩართულობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
„ევროპის საბჭოს აღმასრულებელი მდივანი რამდენიმე დღეში თბილისში ჩამოდის და აქ მას ექნება შესაძლებლობა, რომ უკვე ძალიან კონკრეტულად გაეცნოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ვისაუბრეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპაციის საკითხებზე ევროსაბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ევროსაბჭოს სხვადასხვა რეზოლუციების და ანგარიშების ფორმით საკმაოდ მნიშვნელოვან და აქტუალურ აქცენტებს აკეთებს ყოველთვის და ჩვენთვის პრინციპულია, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდეს. ასევე, ინფორმაცია მივაწოდეთ საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობის თაობაზე, ამ პროცესებში ევროსაბჭოს მონაწილეობის და ჩართულობის შესახებ, ვისაუბრეთ იმაზეც, რომ სხვადასხვა რეფორმების გაგრძელების კუთხით, როგორიცაა მაგალითად, სასამართლო რეფორმის გაგრძელება, ძალიან მნიშვნელოვანია საბჭოს მხარდაჭერა და საბჭოს ინტერესიც არის საკმაოდ მაღალი ამ საკითხების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი, როგორც საპარლამენტო ასამბლეასთან, ასევე, ევროპის საბჭოს სხვადასხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, შეძლებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს მათი ჩართულობით და შესაბამისად, დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების კუთხით, მნიშვნელოვანი გარდატეხები მოახდინოს“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობს. ასამბლეის ფარგლებში, დეპუტატები მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ. დელეგაციის შემადგენლობაში სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე შედიან.

















