პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "ქართული ოცნების" შეხედულებებს დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი გააცნობს. ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" მდივანი, კოალიცია
"ქართული ოცნების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი მადლობას უხდის საკუთარი ფრაქციის დამოუკიდებელ დეპუტატებს რომელთაც უარი თქვეს პოლიტიკური დებატების დროს პარლამენტში გამოსვლაზე და დრო მას დაუთმეს.
პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტის დროს გიორგი ცაგარეიშვილი 8– წუთიანი გამოსვლით ისარგებლებს, 7– წუთიანი გამოსვლა კი ამავე ფრაქციის წევრს ჯონდი ბაღათურიას ექნება.
დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ფრაქცია მხარს უჭერს "ქართული ოცნების" გაცხადებულ მისწრაფებებს, ამიტომ 5 დამოუკიდებელი დეპუტატი უარს ამბობს სიტყვით გამოსვლაზე და დროს "ქართული ოცნების" წარმომადგენელს გიორგი ცაგარეიშვილს უთმობს.
თავად გიორგი ცაგარეიშვილმა ბრიფინგზე პირობა დადო, რომ მისი გამოსვლა პარლამენტში უმწვავესი იქნება. ცაგარეიშვილის თქმით, მას 8 წუთი კი არა 8 საათიც არ ეყოფა იმ მწარე სიმართლის პირში მისახლელად რაც ქვეყანაში რეალურად არსებობს, თუმცა, შეეცდება რომ სათქმელი 8 წუთში ჩაატიოს.
"პრეზიდენტის სასახლის ფანჯრებიდან მხოლოდ ბროლის ხიდი და ბაღი ჩანს, სხვა არაფერი. შევეცდები მწარე სიმართლე ვუთხრა პრეზიდენტს ყოველგვარი შელამაზების გარეშე" – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
პრეზიდენტი პარლამენტში მომავალ კვირას მივა.

















