„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ ხელისუფლებას „სახალხო კრების“ ქვემო ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ სათათბიროს წევრმა ბესიკ ტაბატაძემ და „სახალხო კრების“ ქვემო ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თორნიკე არევაძის ადვოკატმა ნონა ფილაურმა ისაუბრეს.
ტაბატაძის განცხადებით, „სახალხო კრების“ ქვემო ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი სახელისუფლებო ტერორის მსხვერპლი გახდა.
მისი განმარტებით, თორნიკე არევაძე 8 მაისს, რუსთავში 8 მარტს მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს და რუსთავის საქალაქო სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურორი მირზა სუბელიანი არევაძის 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს, სასამართლო პროცესი კი, ხვალ 21 ივნისს 15 საათზეა დანიშნული.
„რაც ყველაზე მთავარია ამ ინციდენტთან თორნიკე არაფერ შუაშია, იგი უბრალოდ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ისევე როგორც ბევრი სხვა მოქალაქე, ინციდენტი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მოხდა”- აღნიშნა ტაბატაძემ.
მისივე თქმით, თორნიკე არევაძემ 27აპრილს სტუდია „ობიექტივის“ ეთერში რუსთავში სამთავრობო გუნდისა და ვანო მერაბიშვილის მიერ მოწყობილ ფარული შეხვედრების დეტალებზე ღიად ისაუბრა და სწორედ ამ ეთერიდან რამდენიმე დღეში, იგი უკანონოდ დააპატიმრეს.
ტაბატაძის განცხადებით, თორნიკე არევაძეს დაკავების დღიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ და მთავარ სამმართველოში მიყვანის შემდეგ პოლიციის მაღალჩინოსნებმა მას 27 აპრილის „ობიექტივში“, გამოსვლა გაახსენეს.
პარტიაში აცხადებენ, რომ ხვალიდან, დიდი ალბათობით, „სახალხო კრებასა“ და „დემოკრატიულ მოძრაობას“ ერთი პოლიტპატიმარით მეტი ეყოლება.

















