საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტნის, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის კახი კალაძის პრესსამსახურის
ხელმძღვანელი ოთარ ჩრდილელი სისულელეს უწოდებს ტელევიზიაში გადაცემულ ინფორმაციას კალაძის ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეხვედრის შესახებ.
როგორც „ნიუსპრესს“ ჩრდილელმა განუცხადა, აღნიშნული თემა სასაცილოდაც არ ყოფნის და მასზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს, ვინაიდან კალაძის კავშირი ე.წ. კანონიერ ქურდებთან „ჯიბის ტელევიზიების“ მიერ გამოგონილი ამბავია.
„ყველამ კარგად ვიცით, ეს ტელევიზიები ვისაც ეკუთვნის. ისაუბრონ, არ არის პრობლემა. ხალხმა სიმართლე იცის და მაღლიდან ღმერთი იყურება“-განაცხადა მან.
ჩრდილელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინფორმაცია კალაძის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარის გაგრძელებაა და მიზნად მისი, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის დისკრედიტებას ისახავს.
ჩრდილელის განმარტებით, კალაძე თბილისში იმყოფება და არავითარი საერთო ე.წ. კანონიერ ქურდებთან არ აქვს.
ტელემედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ კახა კალაძე ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებს შეხვდა. შეხვედრა მილანის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში შედგა და მას ქურდული სამყაროს ცნობილი წარმომადგენლები - ჯემალ მიქელაძე, თეიმურაზ ნემსიწვერიძე და ვლადიმერ ჯიბლაძე ესწრებოდნენ.

















