საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ზვიად გონაძე საქართველოში ვიზიტად
მყოფ საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ტერენს–ნიკოლაოს ქუიქს შეხვდა.
საქართველოს საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, ზვიად გონაძემ ტერენს–ნიკოლაუს ქვიქს საქართველოში განხორციელებული ვიზიტისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც საბერძნეთის ხელისუფლება საქართველოს ევროკავშირსა და ნატო–ში ინტეგრაციის გზაზე იჩენს მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვეს. ასევე, პოლიტიკური კონსულტაციების გაგრძელების თაობაზე მზადყოფნა გამოხატეს.
შეხვედრაზე საბერძნეთსა და საქართველოში დიასპორასთან დაკავშირებულ პრობლემატიკის საკითხიც განიხილეს. მხარეებმა ქართული და ბერძნული დიასპორების წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნებაზეც ისაუბრეს.
უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას, დიასპორის საკითხებთან მიმართებით ახალი იდეებისა და კონცეფციების შემუშავებას გაესვა ხაზი. აღინიშნა დიასპორების კონსტრუქციული როლი ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და წარმომშობი ქვეყნების განვითარებაში.
ზვიდ გონაძემ თავის კოლეგას წარმატებული ვიზიტი უსურვა და უწყებებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარების სურვილი გამოთქვა.

















