პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველის საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუას ხელისუფლებასთან კავშირის შესაძლო
ნიშნები ზედაპირზე ჯერჯერობით არ იკვეთება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა განუცხადა.
მისი განმარტებით, გულუას ხელისუფლებასთან კავშირზე საუბარი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მისი ჩაფიქრებული ფონდი ჩამოყალიბდა, ფონდის ანგარიშზე გულუამ 25 მლნ დოლარი შეიტანა და კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური ამაზე „თვალებს დახუჭავს“.
მისივე თქმით, ეჭვი გულუასა და ხელისუფლების კავშირზე იმ შემთხვევაშიც შეიძლება გაჩნდეს, თუ ტელეკომპანიები „რუსთავი 2“ და „იმედი“ გულუას პოლიტიკური საქმიანობის ხანგრძლივი რეკლამებით დაკავდებიან, რადგან მსგავსი რამ შემთხვევით არ ხდება.
„სურვილი ფონდის დაფუძნებაზე შეიძლება ყველას ჰქონდეს. მისი ელექტორატიც უპირატესად დევნილთა საზოგადოებაა, რადგან თავად წარმოადგენს ამ კატეგორიის მოქალაქეს. ფონდის დაფუძნება სურვილი იყო მისი თუ შესაძლებლობა, მომავალი გვიჩვენებს“- განაცხადა ცისკარიშვილმა.
მინდია გულუამ დევნილთა საქველმოქმედო ფონდის დაფუძნებაზე განცხადება 12 მაისს გააკეთა. თავად გულუა ფონდში შემოწირულობის სახით 25 მლნ აშშ დოლარის შეტანას აპირებდა.

















