პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული განახლება - ჩვენი საქართველო გაბრწყინდება“ („ჩვენები“) შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს წითელი ჯვრის ყოფილმა პრეზიდენტმა ნანა ყეინიშვილმა „ნიუსპრესთან“ საუბარში განაცხადა, რომ პარტიას რვა პუნქტიანი პროგრამა აქვს, რომელიც არა ცარიელ დაპირებებს, არამედ ციფრებში გაწერილ და დოკუმენტურად დადასტურებულ გეგმას წარმოადგენს.
ყეინიშვილი იმედოვნებს, რომ ამომრჩევლისთვის პროგრამის გაცნობის შემდეგ, პარტია პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელი მინიმუმის გადალახვას შეძლებს.
მისი თქმით, პარტიას ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმა აქვს, რომლის ავტორია პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე უზურმაგ ქარქუსოვი. მისივე თქმით, გეგმა გერმანიის მაგალითს ეყრდნობა, თუმცა, საქართველოს რეალობასაა მორგებული.
ყეინიშვილის განცხადებით, პარტია უახლოეს მომავალში აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებს. რაც შეეხება საკითხს გაერთიანდება თუ არა პარტია საარჩევნოდ რომელიმე ალიანსში, ყეინიშვილმა აღნიშნა, რომ პარტიებთან კონსულტაციები ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.

















