საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი კარლო კოპალიანი ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის გადახედვას და მისი მასშტაბების შემცირებას მოითხოვს.
როგორც დეპუტატმა დღეს, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პროექტის განხორციელების შემთხვევაში 14 სოფელი დატბორვის ზონაში მოჰყვება და ეკოსისტემას შეუქცევადი ზიანი მიადგება.
„მშენებლობის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ მოსახლეოება შეშინებულია. ადგილობრივთა 70% წინააღმდეგია და ითხოვს პროექტის გადახედვას და მასშტაბების შემცირებას“ – განაცხადა კოპალიანმა.
მისი თქმით, მშენებლობამ გარემოს რაც შეიძლება ნაკლები ზაინი უნდა მიაყენოს.
ნამახვანის პროექტი 3 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს ჯამური დადგმული სიმძლავრით 450 მგვტ. პროექტში 800 მლნ. დოლარის ოდენობის ინვესტიციის ჩადებაა დაგეგმილი.

















