პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა ბაგრატის ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიერ კათალიკოს-პატრიარქის ბრძანების ზედმიწევნით შესრულებას მოითხოვს.
ამის შესახებ განცხადება „საქართველოს გზის“ საერთაშორისო მდივანმა თეიმურაზ მურვანიძემ გააკეთა.
„მმართველი გუნდის უნიათობისა და არაპროფესიონალიზმის გამო, მუდმივად მცირდება ქვეყნის ტერიტორიები, ნადგურდება კულტურული მამკვიდრეობის ძეგლები. ამის ნათელი მაგალითია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, მამისონის უღელტეხილი, ახალგორის რაიონი, კოდორის ხეობა და კავკასიონის ქედზე დაკარგული 23 ბილიკი, რომელსაც რუსული მხარე აკონტროლებს“- განაცხადა მურვანიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების ერთადერთი მიზანი „ერის მოტყუების ხარჯზე“ საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივებაა.
მისივე თქმით, ბაგრატის ტაძარი დარგის სპეციალისტების მიერ იუნესკოსა და საპატრიარქოს სტანდარტების შესაბამისად უნდა აღდგეს.
ბაგრატის ტაძარს იუნესკოს ნუსხიდან ამოღების საშიშროება დაემუქრა და ამასთან დაკავშირებით, კომპლექსში სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეჩერების თაობაზე კათალიკოს-პატრიარქის სპეციალური ბრძანების გამოცემა გახდა საჭირო.
„ვინაიდან მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული და ისტორიული ძეგლის, ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებული პროექტის უხეში დარღვევით, დროებით შეჩერდეს ტაძრის დასავლეთ მკლავში მიმდინარე თვითნებური სარესტავრაციო სამუშაოები“ - ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.
ილია მეორეს ბრძანება გუშინ შევიდა ძალაში.

















