მმართველი გუნდის წარმომადგენელმა პარლამენტში დავით დარჩიაშვილმა დღეს, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე, ხელისუფებისა და უმრავლესობის მისამართით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, საარჩევნო კამპანიის ლოგიკური დასაწყისი უწოდა.
„ეს არის საარჩევნო კამპანიის ლოგიკური დასაწყისი და ცხარე დებატებიც ამით არის განპირობებული. სამწუხაროდ, ოპოზიცია პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს, ამ ყველაფერში კი, უტიფრობის მარგალიტებია გარეული“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მან უტიფრობის მაგალითად, დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას განცხადებები მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამ განცხადებების მიზანია გაჭირვებული ადამიანების დაპირისპირება შეძლებულ ადამიანებთან.
ბაღათურიამ სხდომაზე ისაუბრა მოსახლეობის უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მაშინ როდესაც, მისი თქმით, სახელისუფლებო წრეებში კორუფცია ყვავის და მისი წარმომადგენლები მდიდრულ გარემოში ცხოვრობენ.

















