ოპოზიციური ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ტყიბული თანამედროვე მონობის და გაპარტახების მაგალითია.
„შრომის კოდექსი“ ქვეყანაში მონობას აკანონებს და ამ მონობის პრაქტიკული იმპლემენტაცია ტყიბულში ხორციელდება“ - განაცხადა ლორთქიფანიძემ და მაგალითად ტყიბულის მაღაროში და სამკერვალო ქარხანაში დასაქმებული მოსახლეობის კაბალური პირობები მოიყვანა.
მისი თქმით, მაღაროელების მუშაობისთვის არანაირი პირობები არ არის შექმნილი და ამის გამო, ბოლო 2 წლის განმავლოაბში, 14 მაღაროელი დაიღუპა.
როგორც ლორთქიფანიძემ განაცხადა, მაღაროში, ისევე როგორც სამკერვალო საწარმოში, თურქული მენეჯმენტია და თურქ მენეჯერს ხელფასი 12 000 ლარი აქვს, ხოლო ქართველ მუშას – 300 ლარი. სამკერვალო ქარხანაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ იქ დასაქმებულები 80 ლარზე მუშაობენ და ამ თანხას ნაწილ–ნაწილ იღებენ.
დეპუტატმა ასევ განაცხადა, რომ ტყიბულის რეალობაში სამედიცინო მკურნალობა და სადაზღვევო პოლისები ფანტასმაგორიაა.
„არც ერთ სოფელში არ არის გზა და არ არის წყალი, ამ მიმართულებით ერთი თეთრიც არ დახარჯულა“ – განაცხადა დეპუტატმა და პასუხისთვის ტყიბულის მაჟორიტარს პავლე კუბლაშვილს მიმართა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი ელისო ჩაფიძე წლების განმავლობაში „აშიშვლებდა ელიტურ კორუფციაში ჩართულ პირებს“ და გააგრძელებს ამ საქმიანობას.
პავლე კუბლაშვილმა ლორთქიფანიძეს საპასუხოდ მოუწოდა სიმართლე ილაპარაკოს, რადგან ტყუილს მოკლე ფეხი აქვს.
მისი ინფორმაციით, მაღაროელებს საშუალოდ 800 ლარზე მეტი აქვთ ხელფასი, ხოლო მათ, ვინც მიწის ქვეშ მუშაობს – 1 200 ლარი. სამკერვალო საწარმოში დასაქმებულების ხელფასი კი, კუბლაშვილის თქმით, 300 ლარს აღწევს.

















