პარტია „ახალი მემარჯვენეები" დასავლეთ საქართველოში მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად ხელისუფლებას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „მემარჯვენეების“ ერთ ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ განაცხადა, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას არა სატელევიზიო პიარი, არამედ რადიკალური ზომები სჭირდება.
„ამერიკულმა „თეთრმა პეპელამ" და „ოქროკუდამ" გასულ წლებში მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა, ამიტომ, ჩვენ ვითხოვდით შესაბამისი ორგანოებისგან წელს მაინც დროულად და ეფექტურად ეზრუნათ ამაზე, თუმცა უშედეგოდ“ - განაცხადა ნაჭყებიამ.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ამას თითქოს ძალების მობილიზებით უპასუხა და ფოთში საგანგებო შტაბიც შექმნა, მაგრამ ნაჭყებიას შეფასებით, რეალურად ეს მხოლოდ სატელევიზიო პიარი აღმოჩნდა.
„მავნებლები მოდებული არიან მცენარეებს სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში, აჭარაში და მასობრივად ანადგურებენ. მათ წინააღმდეგ ბრძოლა კი, რამდენიმე რაიონში ლოკალური შეწამვლით და მოსახლეობისთვის შხამ-ქიმიკატის დარიგებით ამოიწურება“- განაცხადა ნაჭყებიამ.
მისი თქმით, შტაბის მუშაობით სოფლის მეურნეობის მინისტრი არც დაინტერსებულა.

















