„დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი გია თორთლაძე აცხადებს, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“, შესაძლოა, მასში შემავალმა რამდენიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა დატოვოს.
ამის შესახებ თორთლაძემ დღეს გაზეთ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის კოალიციაში შემავალი პოლიტიკოსების 70% იყიდება და გამორიცხული არ არის, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ, გაერთიანებაში მყოფმა ზოგიერთმა სუბიექტმა კოალიციის რიგები დატოვოს.
„ძნელია წინასწარ პროგნოზების კეთება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ივანიშვილის კოალიციიდან რაღაც რაოდენობა პარლამენტში შევა. რაც შეეხება მათ ერთობას, მე ვიყავი გაერთიანებულ ოპოზიციაში და ამიტომაც ვამბობ, რომ სიების ფორმირების დროს ივანიშვილს ექნება გარკვეული გავლენა მის კოალიციაზე, რადგან ფული მის ხელშია, ზოგმა კი, შესაძლებელია პარლამენტში შესვლის მერე კოალიციის რიგები დატოვოს“-განაცხადა თორთლაძემ.
მისივე თქმით, ეს ის პოლიტიკური ძალებია, რომლებიც თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე იყიდებიან.

















