პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ სამი - პოლიგრაფიული, სარეკლამო და სატრანსპორტო მომსახურების მიღებაზე ტენდერს აცხადებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია 27 მაისს დაიწყო და მის ფარგლებში, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ, უამრავი ღონისძიება იგეგმება.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათასი თანამოქალაქე მზადაა კოალიციას დახმარება უსასყიდლოდ გაუწიოს, მთელი რიგი საკითხები რჩება, რომელთა გადაწყვეტა გარკვეული ანაზღაურების გარეშე შეუძლებელია.
ფანჯიკიძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებმა კოალიციასთან თანამშრომლობა ვერ გაბედონ, ხოლო თუ მაინც გაბედეს, ისინი მკაცრად ისჯებიან.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, კომპანიები თანამშრომლობის თხოვნაზე უარს აცხადებენ, ან საბაზრო ღირებულებაზე ბევრად უფრო მაღალ თანხას ითხოვენ.
„ის კომპანიები, რომლებიც გვიწევენ მომსახურებას, ჩვენთან დაკავშირებულ პირებად სახელდებიან და წარმოუდგენლად მაღალი თანხებით ჯარიმდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი კარგად ჩანს, ხელისუფლება ამას კატეგორიულად უარყოფს. ამიტომ, უახლოეს დღეებში, ჩვენ გამოვაცხადებთ ტენდერს მომსახურების მიღების მიზნით“ - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ თუ კოალიციის მიერ გამოცადებული ტენდერით კომპანიები არ დაინტერესდებიან, ეს იქნება დადასტურება იმისა, თუ რა ბერკეტებს იყენებს ხელისუფლება კომერციული სტრუქტურების მიმართ.
მისი განმარტებით, კომპანიების ერთადერთი მიზანი მოგების მიღება უნდა იყოს და არა ხელისუფლების დირექტივების შესრულება.

















