„ამომრჩეველთა ლიგა“ ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას უნდობლობას უცხადებს და ალტერნატიულ „კარდაკარს“ იწყებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ლიგის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ჩიკვაიძემ განუცხადა, პროგრამის პირველ ეტაპი დღეს დაიწყო და ის ამომრჩევლის აღწერას თბილისსა და ზუგდიდში გულისხმობს, რასაც შემდგომ სხვა რეგიონებიც მოჰყვება.
ჩიკვაიძის თქმით, საველე სამუშაოები, დაახლოებით, სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, მოპოვებული მონაცემების ელექტრონულ ბაზაში შეყვანას კი, სავარაუდოდ, ამდენივე დღე დასჭირდება.
ჩიკვაიძის განმარტებით, ალტერნატიული „კარდაკარის“ დაწყების აუცილებლობა ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ნდობის დაბალმა ხარისხმა განაპირობა. მისი თქმით, პირველადი მონაცემები, რომელიც აღნიშნულმა კომისიამ გამოაქვეყნა, რეალობას არ შეესაბამება.
„ეს კომისია მოსახლეობისთვის თვალის ასახვევად შეიქმნა. თუ მის კომპლექტაციას გავითვალისწინებთ, უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, გადაწყვეტილების მიღება კი - კომისიაში უმრავლესობით ხდება“ - განაცხადა ჩიკვაიძემ.
მისი თქმით, ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შექმნის არავითარი საჭიროება არ არსებობდა, რადგან იმავე სამუშაოებს ცენტრალური საარჩევნო კომისიაც ჩაატარებდა, რომელიც უფრო პროფესიონალი კადრებითაა დაკომპლექტებული.
„კარდაკარის“ შედეგებს „ამომრჩეველთა ლიგა“ კომისიას 1 აგვისტომდე აცნობებს. ცვლილებების ამომრჩეველთა ერთიან სიაში ასახვის უფლებამოსილება კომისიას სწორედ ამ დრომდე აქვს.
ჩიკვაიძის განმარტებით, ალტერნატიული „კარდაკარი“ მნიშვნელოვან ადამიანურ და ფინანსურ რესურსს საჭიროებს, თუმცა, „ამომრჩეველთა ლიგას“ საქმიანობას ეს ვერ დააბრკოლებს.
„ადამიანური რესურსის ნაკლებობას არ განვიცდით, „ამომრჩეველთა ლიგაში“ უამრავი ადამიანია გაწევრიანებული, რომელთაც სურვილი აქვთ, არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს“-განაცხადა მან.
რაც შეეხება ფინანსებს, ჩიკვაიძე აცხადებს, რომ ლიგა „კარდაკარს“ ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ხელთ არსებულზე ნაკლები ფინანსური რესურსის პირობებშიც ჩაატარებს.
„იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანების ერთობა გაცილებით ძლიერია, ვიდრე ფინანსების გარშემო შეკრებილების“ - აღნიშნა ჩიკვაიძემ.
„ამომრჩეველთა ლიგის“ პრეზენტაცია 2 აპრილს გაიმართა. მისი დამფუძნებლები - მსახიობი ნანა შონია, პოლიტიკოსი კოკა გუნცაძე და ლევან ჩიკვაიძე არიან.

















