პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, ოზურგეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის ნაწილია,
რაც უცხოური ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს.
„ჩვენ ხალხის რაოდენობას არ ვითვლით, ასევე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყო აქციაზე ადგილობრივი და ვინ სხვა რაიონიდან ჩასული“ - განაცხადა დღეს ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ნებისმიერი მოქალაქე თავისუფალია, შეუძლია ქუჩაში გამოვიდეს და თავისი აზრი გამოთქვას აქციებსა და მანიფესტაციებზე.
„ეს დემოკრატიული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რაც დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდირებისთვის არის კარგი. თავისთავად, დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი ჰქონდეს, რაც უცხოეთიდან ინვესტიციების შემოსვლას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას განაპირობებს“ - განაცხადა ცისკარიშვილმა.
გუშინ ოზურგეთში „ქართული ოცნების“ მრავალათასიანი აქცია გაიმართა.

















