კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გადაჭარბებული უწოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას დამოკიდებულებას
კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ვერტმფრენის სტანდარტებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ქობალიას განცხადება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილს კუთვნილი ვერტმფრენის ლიცენზია იმიტომ ჩამოერთვა, რომ ის ევროსტანდარტებს არ შეესაბამებოდა, ჟურნალისტებისგან შეიტყო. მისივე თქმით, ივანიშვილს ლიცენზია ნოემბერში ჩამოერთვა, თუმცა, ამ ფაქტით განსაკუთრებულად არ დაინტერესებულა.
„ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ვერტმფრენისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა ალბათ გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა, მაგალითად გუშინ გურიის ცაზე ვერტმფრენები შევნიშნე, რომლებიც, სავარაუდოდ, აქციაზე მისული ხალხის რაოდენობას აკონტროლებდნენ და შესაძლოა, ჰგონიათ, რომ ჩვენც გვჭირდება მსგავსი მექანიზმები, რათა ხალხი მოვიყვანოთ აქციაზე“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესსაქმიანობა და ქონებრივი საკითხები, თუ ის პოლიტიკას არ ეხება, სამსახურებრივად მას არ ექვემდებარება და შესაბამისად, მსგავს თემაზე ინფორმაცია არა აქვს.

















