"ქრისტიან-დემოკრატები" კონტროლის პალატის მიერ პარტიის ანგარიშებისთვის ყადაღის დადებას მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით ითხოვენ.
ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატებმა" "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი მოამზადეს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
"ქრისტიან-დემოკრატები" ითხოვენ, რომ კონტროლის პალატამ ყადაღის დადება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების მეშვეობით განახორციელოს. ყადაღა კი იმ ოდენობის თანხას თუ ქონებას დაედოს, რა ოდენობითაც განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ქმედებისათვის, რომლის ჩამდენის მიმართაც კანონი ადგენს ფინანსურ ან ქონებრივ პასუხისმგებლობას.
"მიგვაჩნია რომ ნაკლები ოდენობის ან თუნდაც არსებითად უმნიშვნელო ოდენობის თანხასთან დაკავშირებული დავის გამო არ შეიძლება პარტიას დაუყადაღდეს მთელი საბანკო ანგარიში და მნიშვნელოვანი დროის მანძილზე იყოს პარალიზებული, განსაკუთრებით თუ ეს საარჩევნო პერიოდს ემთხვევა. ანგარიშის დაყადაღება უდა იყოს შესაძლებელი იმ ოდენობით, რასაც კანონის ქმედება სანქციის სახით ითვალისწინებს " – მიაჩნიათ "ქრისტიან-დემოკრატებს".

















