ოზურგეთის ცენტრში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციის მონაწილეებს ცნობილი მწერლის ნოდარ დუმბაძის შვილმა, ჟურნალისტმა ქეთი დუმბაძემ მიმართა.
მისი თქმით, მას სჯერა, რომ ივნიშვილი და მისი გუნდი შეძლებს ქვეყანაში ვითარების შეცვლას და ამის გამო დგას ის მათ გვერდით.
„იმერეთის სოფლებში მოსახლეობა ამბობდა, რომ გვაშინებენო. ნურაფრის შეგეშინდებათ, შეშინებული ადამიანები ქვეყანას ვერ ააშენებენ. ჩვენ მზე უნდა დავიბრუნოთ გულებში და ამას ეს გუნდი გააკეთებს. მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით - თავისუფალი და ბედნიერი ქართველები“ - განაცხადა დუმბაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ნოდარ დუმბაძის ცხოვრებაში იყო მძიმე დრო, როდესაც ის ობლად დარჩა და ბევრმა მას ზურგი შეაქცია, თუმცა, იყვნენ ადამიანები, ვინც ის გაზარდა და მას სიკეთის არსებობის რწმენა დაუბრუნეს და ეს ხალხი გურულები იყვენენ.
„მე ვდგავარ აქ, თქვენს გვერდით რათა, ეს სიკეთე დაგიბრუნოთ“ - აღნიშნა მწერლის ქალიშვილმა.
აქციაზე პედაგოგების პროფკავშირების შექმნის ინიციატივით გამოვიდა პედაგოგი ნათელა თოხაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებულ სკოლაში ისევ მაშინდელი მერხები დგას.
„განათალების სისტემა არ არსებობს პროფკავშირების გარეშე. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ დაცული იყოს პედაგოგების უფლებები“ - განაცხადა თოხაძემ.
მან პედაგოგებს აქტიურობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ არ შეიძლება თავი ქვიშაში ჩარგონ.
„ვიდგეთ იქ, სადაც დემოკრატიაა და არა ავტოკრატია, სადაც გონივრული ქმედებებია და არა იმპულსებზე აგებული ქმედებები და ვიდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია. ეს არის ბრძოლა მომავლისთვის“ - განცხადა პედაგოგმა.
პედაგოგის გამოსვლას გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილი და აღნიშნა, რომ თბილისის სკოლებისთვის მან 100 ათასზე მეტი მერხი შეიძინა, თუმცა, ეს არ არის საკმარისი.
„ისეთი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს ქვეყანას, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეძლოს საჭირო ინვენტარის შეძენა, ხოლო თუ ტრანსფერებია საჭირო, ეს კანონის საფუძველზე უნდა ხორციელდებოდეს და არა ერთი ადამიანის განწყობით“ - განაცხადა ივანიშვილმა.

















