პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მოსახლეობას შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაქრაძემ კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
პარლამენტის თავმჯდომარე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას ქალაქში არსებული პრობლემებით დაინტერესდა და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინა.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, გარდაბნის მოსახლეობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას სასმელი და სარწყავი წლით უზრუნველყოფა წარმოადგენს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გარდაბნის მოსახლეობისთვის წყლით მომარაგების საკითხზე სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება და ქალაქი წყალმომარაგებას უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.
დავით ბაქრაძემ გარდაბნის მოსახლეობას ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სოციალური, სადაზღვევო და დასაქმების პროექტებიც გააცნო.

















