პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ხვალ ოზურგეთში აქციას გამართავს.
აქციის კოორდინატორის, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრ ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით,
მოსამზადებელი სამუშაოები მშვიდობიან ვითარებაში მიმდირეობს, ხელისუფლების მხრიდან ხელის შეშლის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
ორგანიზატორები ოზურგეთის აქციაზე ხალხმრავლობას ელიან.
„ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ამ ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი იმდენად დიდია, ვერანაირი დაბრკოლება მის გამართვას ხელს ვერ შეუშლის“-განუცხადა „ნიუსპრესს“ ჩიქოვანმა.
აქციის მიმდინარეობას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“დააკვირდებიან. საია-ს ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაციები დაკვირვებას წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრების მიმდინარეობის, შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
„ქართული ოცნების“ აქცია ოზურგეთში 19:00 საათზეა დაგემილი.
კოალიციის მხარდამჭერების გამოსვლა ხვალ ჟენევაშიც იგეგმება. „ქართული ოცნების“ „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აქცია სასტუმრო „პრეზიდენტ უილსონის“ წინ, სანაპიროზე, 14.00 საათზე დაიწყება.
„ქართულმა ოცნებამ“ აქციები თბილისსა და ქუთაისში უკვე გამართა.

















