კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კახა შარტავამ, ზვიად ძიძიგურმა და სოზარ სუბარმა დმანისის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. კოალიციის ლიდერებმა
მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნეს და პოლიტიკურ ბრძოლაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდეს.
„ჩვენთვის პირველი პრიორიტეტი ჯანდაცვაა. თუ ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ ფასდება იმ ქვეყანაში არაფერი არ არის დაფასებული“-განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით ქართული ოცნების ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის დასაქმება წარმოადგენს.
„ჩვენ ვაპირებთ, გამარჯვებისთანავე შევქმნათ ერთ მილიარდ დოლარიანი სახელმწიფო ფონდი, რომელიც გლეხებს და ფერმერებს დაეხმარება, რათა სასოფლო სამეურნეო საქმიანობის ხარჯები იაფი იყოს“ განაცხადა სუბარმა და დასძინა, რომ სოფლის მეურნეობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გასაღების ბაზარს აქვს, რაზეც „ქართულ ოცნებას“ საკუთარი მიმართულებები უკვე ჩამოყალიბებული აქვს.
„ვაპირებთ, რომ რუსული ბაზარი გაიხსნას და ეს მოხდება ძალიან მალე როგორც კი ხელისუფლებაში მოვალთ, ოქტომბერში“- აღნიშნა სუბარმა.
მისივე განცხადებით, კოალიციის პრიორიტეტებს წარმოადგენს აგრეთვე დასაქმება. „სამუშაო ადგილებით პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეები უნდა იქნას უზრუნველყოფილი და მხოლოდ მაშინ, თუ ადგილობრივი მუშახელი საკმარისი არ იქნება, შეიძლება ვიფიქროთ ჩინელების, ინდოელების და სხვა ეროვნების მუშახელის ჩამოყვანაზე“ - განაცხადა სუბარმა.

















