ქართველი მეცნიერის, მათემატიკოს მამუკა ჯიბლაძის თანამშრომლები სამართალდამცავ ორგანოებს სთხოვენ, მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება და რესურსი მიმართონ ჯიბლაძის გაუჩინარების ფაქტის გამოძიებისკენ.
ეს ერთობლივი განცხადება გამოცდების ეროვნული ცენტრისა ყოფილმა თანამშრომლებმა და მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა დღეს გაავრცელეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მამუკა ჯიბლაძე უაღრესად ნიჭიერი, ფართო მათემატიკური ხედვის მეცნიერია, რომელსაც დოქტორის ხარისხი ბელგიასა და საქართველოში აქვს მიღებული.
„ის არის ფუნდამენტური შრომების ავტორი და საერთაშორისო რანგის მეცნიერი, რომელიც დიდი პატივისცემით სარგებლობს, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი არაერთ მათემატიკურ დარგში, განსაკუთრებით კი, კატეგორიათა თეორიაში, სადაც მისი წვლილი საქვეყნოდაა აღიარებული“ - აღნიშნავენ გაუჩინარებული მეცნიერის თანამშრომლები და დასძენენ, რომ ჯიბლაძის როლი სკოლის საატესტატო გამოცდების კომპიუტერული სისტემის შექმნაში გადამწყვეტია.
მეცნიერის თანამშრომლები განცხადებაში ხაზს უსვამენ მის პიროვნულ თვისებებს. „ის კეთილი, უკონფლიქტო, მოსიყვარულე და ღრმადმორწმუნე ადამიანია“ - ნათქვამია განცხადებაში.
დაკარგული მეცნიერის თანამშრომლები უფლებადამცველ ორგანიზაციებს სთხოვენ, თვალი მიადევნონ ჯიბლაძის გაუჩინარების ფაქტს და მის ოჯახს ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარონ.

















