აშშ-სთან საგარეო ვაჭრობით მიღებული შემოსავლების ჩრდილოვანი ნაწილი საქართველოს ხელისუფლების კრიმინალურ „ობშიაკში“ მიემართება.
ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს „ქართული დასის” ლიდერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ ეკონომიკური კვლევის შედეგების კომენტირებისას განუცხადა, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-სთან ვაჭრობით მიღებული შემოსავლების მნიშვნლოვან ნაწილს მალავს.
„ეს არის საქართველოში ელიტარული კორუფციის დადასტურება. ერთი მილიარდის საქონელი საქართველოშია ჩრდილოვანი გზით შემოსული. აქედან მებაჟეს 100 დოლარიანი ქრთამიც აღარ აუღია, მას ეკრძალება. ეს კორუფციული უფლება მხოლოდ 7-8 კაციან ჯგუფს აქვს, რომელსაც პრეზიდენტი ალ-კაპონეს მსგავსად არეგულირებს“ – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, ქვეყანაში ე.წ. ბიზნესები აღარ არსებობს და ყველაფრის მფლობელი სააკაშვილია. მისივე თქმით, ჩრდილოვანი თანხის დიდი ნაწილი კრიმინალურ „ობშიაკში“ მიემართება.
დეპუტატის განცხადებით, მმართველი ძალა ამ მონაცემებს სიცრუეს უწოდებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ჩრდილოვანი თანხები მათია.
როგორც გუშინ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში შალვა მექვაბიშვილმა განაცხადა, ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში აშშ-ს ექსპორტი საქართველოში ამერიკის მონაცემებით 3008,7 მილიონი აშშ დოლარი იყო, ხოლო საქართველოს მონაცემებით, იმავე პერიოდში აშშ-ს იმპორტმა საქართველოში 1662,4 მილიონი დოლარი შეადგინა.
ექსპერტის თქმით, აშშ-დან შემოსული სხვადასხვა საქონლის განუბაჟებლობის ან ნაკლებ ღირებულებად განბაჟების გამო სახელმწიფო ბიუჯეტმა ამ პერიოდში, მარტო გადასახადების სახით, მინიმუმ მილიარდი ლარი დაკარგა.
ექსპერტის მტკიცებით, აშშ-სა და საქართველოს შორის საგარეო ვაჭრობაში საქართველოს 2009 წელს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38% ჩრდილში იყო მოქცეული, 2010 წელს - 27,2%, 2011 წელს - 45,5%, ხოლო 2012 წლის პირველ კვარტალში- 46,5% არ იქნა აღრიცხული.

















