ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ თბილისის მერიას ქალაქის რეკონსტრუქციის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას სთხოვს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ შესაბამისი განცხადებით დედაქალაქის მერიას უკვე მიმართა.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აღნიშნავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ დაბრკოლებას აწყდებიან, რომელთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გაადადგილებაა, ვინაიდან ქალაქში შესაბამისი ტრანსპორტი, ლიფტები, პანდუსები და სხვა სპეციალური მოწყობილობები არ არსებობს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათთვის შეუძლებელია მეტროთი და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, უმეტეს შემთხვევაში მათ პრობლემები ექმნებათ მიწისქვეშა გადასასვლელებითა და მიწისზედა ხიდებით ქუჩის გადაკვეთისას.
გარდა ამისა, სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში, მათ შორის, საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, საავადმყოფოებში, ბანკებში, აფთიაქებში, სავაჭრო ცენტრებში, კაფე-რესტორნებსა და სხვა ადგილებში მათი მოხვედრა პრობლემაა.
ორგანიზაციის განცხადებით, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის თანახმად, დაწესებულებები და ორგანიზაციები ვალდებული არიან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შენობებში თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების საშუალებები შეუქმნან.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მერიას მიმართავს და ხარვეზების გამოსწორებისკენ მოუწოდებს, ასევე, სთხოვს კანონმდებლობის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თბილისში არსებული გარემოს ადაპტაციას ზედამხედველობა გაუწიოს.

















