პოლიტიკური პარტია „ქართული დასი“ წინასაარჩევნოდ თანამშრომლობის პერსპექტივებზე „სახალხო კრებასთან“ და კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებას აწარმოებს, თუმცა, თანამშრომლობის კონკრეტული ფორმატი ჯერჯერობით არ არის შეთანხმებული.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ქართული დასის“ ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განუცხადა.
მისი თქმით, „სახალხო კრების“ ინიციატივით და მედიატორობით, ის კრების ლიდერებს შეხვდა, მათ შორის, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს. დეპუტატის თქმითვე, ის, ასევე, შეხვდა „ქართული ოცნების“ ლიდერებს.
„იკვეთება პოზიციების თანხვედრა, თუმცა, ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული რა ფორმით მოხდება თანამშრომლობა“ – განაცხადა ბაღათურიამ.
მისი თქმით, უნდა შეიქმნას ერთი მძლავრი ოპოზიციური ფრონტი, რაშიც ის „სახალხო კრების“ ლიდერებთან სრულიად თანხმდება, თუმცა, დეპუტატის თქმით, ამ აზრს არ იზიარებს „ქართული ოცნების“ ლიდერთა ნაწილი.
„ჩვენი კოლეგების ნაწილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სტრატეგიის თვალსაზრისით, უფრო ეფექტური იქნება მეორე ფრონტის გახსნა და ამასთანავე მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებზე შეთანხმება. თუ საერთო აზრი არ ჩამოყალიბდა, მოგვიწევს მეორე ფრონტის გახსნაზე დათანხმება, თუმცა, ჩვენ მაინც ერთიანი ძალებით გამოსვლის მომხრე ვართ, რათა არ გამოვიწვიოთ ამომრჩევლის დაბნევა“ – განაცხადა ბაღათურიამ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ თუ მეორე ფრონტი შეიქმნა „ქართული დასისა“ და „სახალხო კრების“ ან კიდევ სხვა პოლიტიკური ძალის სახით, შეთანხმებულად მოქმედების მიზნით, საკოორდინაციო საბჭო ჩამოყალიბდება.

















