პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუა მიიჩნევს, რომ მას და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შორის აზრთა ძირითადი სხვაობა ნატო-სადმი დამოკიდებულებაშია.
ამის შესახებ მან სკაიპ-კონფერენციისას განაცხადა.
გულუას განმარტებით, ისიც და ივანიშვილიც პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი გუნდის მოწინააღმდეგეები არიან, თუმცა, მაინც ოპონენტებად რჩებიან, რადგან განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ხედვა აქვთ.
„ივანიშვილი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, მე კი ვხედავ, რომ ამ გზით საქართველოს ნაწილებს დავკარგავთ და ეს სამუდამოდ დასმული წერტილი იქნება“ - განაცხადა გულუამ და დასძინა, რომ მისი პოლიტიკური ძალა ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი კი არ არის, არამედ ამ პროცესის მხოლოდ 5-10 წლით გადავადებას ემხრობა.
გარდა ამისა, გულუას განმარტებით, არსებობს კიდევ რამდენიმე საკითხი, რაშიც მისი და ივანიშვილის ხედვა არ ემთხვევა.
რაც შეეხება კონტროლის პალატის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ ივანიშვილისთვის დაახლოებით 149 მლნ ლარამდე ჯარიმის დაკისრებას, გულუა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არასწორია. „კონტროლის პალატა ტელეფონზეა ჩამოკიდებული, რასაც ეტყვიან, იმას აკეთებს” - განაცხადა მან და დაამატა, რომ ქართველი მოსამართლეები ყრუ-მუნჯები არიან.
ამასთან, გულუა არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს სასამართლოს მიერ ჯარიმის სახით დაკისრებული თანხა ამ ეტაპზე ხელთ არც გააჩნდეს, ვინაიდან, მისი ინფორმაციით, ივანიშვილმა რუსეთში ქონების უდიდესი ნაწილი გაყიდა, რაშიც 2 მლრდ დოლარი უნდა მიეღო, თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ 1 მლრდ დოლარი გადაუხადეს, დარჩენილ თანხას კი - სამომავლოდ ელოდება.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ დღესდღეობით ბიძინა ივანიშვილს ასი მილიონი დოლარი ჰქონდეს, რათა ბიუჯეტში გადაიხადოს. მას ქონება აქვს, მაგრამ შეიძლება ნაღდი ფული არ ჰქონდეს“ - განაცხადა გულუამ.
მან არ გამორიცხა, რომ ივანიშვილს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოში ქონება დაუყადაღონ.

















