კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის იურისტი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ სამართლებრივად ივანიშვილის საქართველოდან დეპორტაცია
გამორიცხულია.
როგორც კბილაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განმარტა, ივანიშვილი, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, კანონის თანახმად ვალდებულია საქართველოში უწყვეტად ყოფნის 360 დღიანი ვადა გააგრძელოს.
ამასთან, მისი თქმით, კოალიციის ლიდერის ოჯახის წევრები საქართველოს მოქალაქეები არიან და ისინი საქართველოში ცხოვრობენ, რაც ევროპული კონვენციის თანახმად, ასეთი პირის ქვეყნიდან დეპორტაციას გამორიცხავს.
„ამასთანავე, ხელისუფლების მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, ივანიშვილს მიენიჭა აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება და მიუხედავად იმისა, ისარგებლებს თუ არა ივანიშვილი ამ უფლებით, ეს ცვლილება ძალაშია და გამორიცხულია საარჩევნო უფლების მქონე პირი ქვეყნიდან იქნეს დეპორტირებული“ - განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, ეს რკინის დოგმაა.

















