საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში წამლების ფასი მაღალია და ის აუცილებლად უნდა შემცირდეს.
როგორც მან დღეს ბათუმში, სამედიცინო კონფერენციის გახსნისას განაცხადა, საქართველოს ფარმაცევტულმა სფერომ წარმატებას მიაღწია და საქართველოში წარმოებული მედიკამენტები ექსპორტზე გავიდა, რაც საამაყოა. თუმცა, მისი თქმით, ქვეყანაში წამლების ფასი შედარებით მაღალია, ვიდრე უნდა იყოს.
„ორი წლის წინ, ერთობლივი ღონისძიებების შედეგად ფასები ცოტათი ჩამოვიდა, მაგრამ მაინც მაღალია და ყველამ უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ შემცირდეს. ყველანაირი მონოპოლიები და კარტელური გარიგეგების ელემენტები აქ უნდა გამოირიცხოს“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზეც გაამახვილა ყურადღება და კონკრეტული მაგალითი მოიყვანა იმისა, როცა დედა დგება იმ არჩევანის წინაშე, გაუთიშოს თუ არა მძიმე მდგომარეობაში მყოფ შვილს ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რადგან მას მომსახურების ფასის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს.
მისი თქმით, 21-საუკუნეში მსგავსი პრობლემები არ უნდა არსებობდეს და ამის აღმოსაფხვრელად კონკრეტული მექანიზმების შემუშავებაა საჭირო.
პრეზიდეტმა ამ მიმართულებით ერთ-ერთ მექანიზმად საყოველთაო დაზღვევა დაასახელა და აღნიშნა, რომ საქართველოში ეს ძალიან მალე მოხდება.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოპიზიციის მხრიდან ხელისუფლებისადმი დაცინვის ერთ-ერთი მთავარი თემა, სწორედ 100 საავადმყოფოს პროექტი იყო.
„ახლა მინიმუმ ამ თემაზე ყველას პირი მოკეტილი აქვს, რადგან 100 საავადმყოფო 150 საავადმყოფოდ გადაიქცა და ისინი არამხოლოდ პროექტებშია, არამედ აშენებულია კიდეც“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, მან კატეგორიულად გააფრთხილა ჯანდაცვის სამინისტრო, საავადმყოფოს ხელმძღვანელობა და ყველა კომპანია ვინც ამ საკითხს კურირებს, რომ საავადმყოფოებში ექთნებს არ ჰქონდეთ 75-150 ლარიანი ხელფასები. მისი თქმით, ყველა ასეთი საავადმყოფო დაიხურება.

















