თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, საჯარო სკოლებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს დაქვემდებარებულ უწყებებში სამსახურიდან გათავისუფლების რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი.
ამის შესახებ განცხადებას უწყებათაშორისი კომისია ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთ-ერთ მსგავს ფაქტზე ინფორმაცია კომისიას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ მიაწოდა.
სადამკვირვებლო ორგანიზაციის ცნობით, ორგანოზაციის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კოორდინატორზე, რომელიც ამავდროულად ადგილობრივი საჯარო სკოლის პედაგოგია, ხოლო მისი ოჯახის წევრი პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა, სკოლის ადმინისტრაციას სამსახურიდან გათავისუფლების მითითება ჰქონდა.
განცხადებაში ასევე განმარტებულია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ საკითხის გარკვევის მიზნით, მოკვლევა ჩაატარა და შედეგად გაირკვა, რომ ხარაგაულის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს გიორგი არევაძეს მართლაც ჰქონდა კომუნიკაცია სკოლის დირექტორებთან. არევაძის განმარტებით, საუბარი მხოლოდ სასწავლო დაწესებულებებში პოლიტიკური კამპანიის წარმოების დაუშვებლობას ეხებოდა. ეს კი, სამსახურეობრივი საქმიანობის მიღმა პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვას ან სკოლაში დასაქმებული პერსონალის ოჯახის წევრების პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის გამო მათ სამსახურიდან დათხოვნას არ გულისხმობდა.
„იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად სარწმუნოა მომხდართან დაკავშირებით რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის ინტერპრეტაცია, განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის შეფასებით, ცალკეულ პედაგოგებთან მიმართებით ამ ტიპის კომუნიკაცია დისციპლინარულ დარღვევას წარმოადგენს. აღნიშნული გარემოების გამო, ხარაგაულის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა 5 ივნისს თანამდებობა დატოვა“- ნათქვამია განცხადებაში.
კომისია სამსახურიდან დათხოვნის სხვა ფაქტებსაც შეისწავლის.
უწყებათაშორისმა კომისიამ ცოტა ხნის წინ ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათდამი დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობას, ასევე, საჯარო სკოლების ადმინისტრაციებს რეკომენდაცია მისცა საარჩევო პროცესში თავი შეეკავებინათ დაგეგმილი ან შესაძლო ოტპიმიზაციისგან.

















