ქვეყანაში ფინანსური ამნისტიის გამოცხადებამდე, „ლეიბორისტული პარტია” მსოფლიო ბანკს, სავალუტო ფონდს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოზე ფინანსური ტრანშების გაცემის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ლეიბორისტები მიიჩნევენ, რომ საკრედიტო სესხებსა და კრედიტებზე არარეალურად მაღალი საპროცენტო განაკვეთია დაწესებული, რის გამოც, 300 ათასი ადამიანი ბანკების ე.წ „შავ სიაშია“ შეყვანილი, 70 ათასამდე მოქალაქის ქონება დაყადაღებულია, ხოლო 20 ათასი ოჯახი აღნიშნული მიზეზით გამოსახლებულია.
„ლეიბორისტების“ ინფორმაციით, „სააკაშვილი და მისი ოლიგარქიული ბანდა“ ამ ფულით არჩევნებს აყალბებს და პირად კეთილდღეობას იწყობს.
„მივმართავთ მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომლებიც ამ ხელისუფლების მთავარი ფინანსური დონორები არიან, შეაჩერონ ფინანსური ტრანშების გაცემა, ვიდრე ქვეყანაში არ გამოცხადდება ფინანსური ამინისტია და არ შეწყდება მოსახლეობის ქონების ჩამორთმევა-დაყაჩაღება”-ნათქვამია განცხადებაში.

















