პარტია „ახალი მემარჯვენეები“ სერტიფიცირებული მასწავლებლების დისკრიმინაციულ მდგომარეობაზე საუბრობენ.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 ოქტომბრის ბრძანებით (№ 170/ნ) საჯარო სკოლების მასწავლებლები შრომის ანაზღაურების კუთხით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ახალი ბრძანებით ცვლილებები შევიდა 2005 წლის 21 ოქტომბერს № 576 ბრძანებაში, რომლის თანახმადაც პედაგოგს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდას, უნდა ჰქონდეს სრული, ან სრულზე მეტი დატვირთვა და მიეცემა პედაგოგთა ხელფასზე დანამატი ყოველთვიურად 75 ლარის ოდენობით.
„თუ მაგალითისთვის ავიღებთ ქართულ ენასა და ლიტერატურას, სადაც სრულ განაკვეთად მიჩნეულია 18 საათი, სახელფასო დისკრიმინაცია აშკარად არის გამოხატული. დაწყებითი კლასების ზემოთ საქართველოს სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ეთმობა კვირაში 5 საათი. შესაბამისად, ქართულის მასწავლებლისთვის სრული დატვირთვა მექანიკურად კვირაში 20 საათს აღწევს. სერტიფიცირებული მასწავლებლები ამ შემთხვევაში იღებენ განსაზღვრულ დანამატს 75 ლარის ოდენობით, მაგრამ მათ აღარ უნაზღაურდებათ 18 საათს ზემოთ ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობა“- განმარტა მან.
„მემარჯვენეები“ აცხადებენ, რომ ეს პედაგოგებისთვის მინიმუმ თვეში 36 ლარის, წელიწადში კი - 437 ლარის დანაკლისია.
პარტია მიიჩნევს, რომ სერტიფიცირებული მასწავლებლის დანამატი მინიმუმ იმაზე ნაკლები არ უნდა იყოს, რამდენიც განსაზღვრულია კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის სერტიფიკატის მქონე პირთათვის. მით უმეტეს დაუშვებელია ისეთი დისკრიმინაციული მიდგომა, როცა მასწავლებელი გაკვეთილებს ატარებს, მაგრამ მას ანაზღაურება არ ეძლევა.

















