„მე-9 არხის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, „მე-9 არხს“ პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან.
როგორც ბექაურმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, ერთ-ერთი მათგანი ინტერნეტპროვაიდერები არიან, რომელთაც, მიუხედავად მრავალგზის მოთხოვნისა, მე-9 არხის ოფისში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი არ შეჰყავთ.
ამასთან, ბექაურის თქმით, ტელეკომპანიას პრობლემები რეგიონული ოფისების გახსნის კუთხითაც ექმნება, ვინაიდან ფართის მფლობელები მათთვის ოფისის მიქირავებაზე უარს ამბობენ.
„რა წამსაც გამქირავებელი იგებს, რომ კონტრაქტი „მე-9 არხთან“ აქვს გასაფორმებელი, მოლაპარაკებას წყვეტს“ - განაცხადა ბექაურმა და დასძინა, რომ ადგილი ჰქონდა ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც გამქირავებლებმა, მასზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის გამო, უკვე გაფორმებული კონტრაქტები გააუქმა.
ბექაურს პრეტენზია კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთანაც აქვს. მისი თქმით, მიუხედავად არაერთი თხოვნისა, კომისიამ „მე-9 არხს“ ტექნიკური სამუშაო სიხშირე არ მისცა.
“არსებობს ტექნიკური სამუშაო სიხშირეები, რომელსაც არავითარი კონკურსი არ სჭირდება და ნებისმიერ ტელეკომპანიას, მოთხოვნის საფუძველზე, უპრობლემოდ აძლევენ“ - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ამ მიზეზის გამო ტელეკომპანია პირდაპირ ჩართვებს ვერ ახორციელებს.

















