,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა სამეგრელოს რეგიონში - აბაშაში,
მარტვილსა და წალენჯიხაში შეხვედრები გამართა.
ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ მის პარტიას აბაშაში სერიოზული მხარდაჭერა ექნება.
,,ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ, აბაშაში გვექნება სერიოზული მხარდაჭერა. ამ ადამიანებს კარგად ესმით და იციან რა უჭირს ქვეყანას. სამეგრელომ კარგად იცის სტაბილურობის ფასი, მეზობელთან ურთიერთობის ფასი და ამ ადამიანებს ძალიან კარგად ესმით, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს რაიმე არასტაბილურობა და პროვოცირება. მათ უნდათ სიმშვიდე, მათ უნდათ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა, მათ უნდათ, რომ სამეგრელო აღარ იყოს ჩიხი და რა თქმა უნდა აწუხებთ ძალიან ბევრი ლოკალური პრობლემა- არ აქვთ მუშაობის და ნორმალურად ცხოვრების საშუალება. არის ისეთი რეგულაციები, რომლებიც არ უშლის ხელს ხეების გაჩეხვას, მაგრამ არ აძლევს ადამიანს საშუალებას, თუნდაც თავის ეზოს მოუაროს ნორმალურად. ყველა ის პრობლემა, რომელიც არის მთელ საქართველოში, აქაც არის და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ადამიანების მხარდაჭერის მოპოვებას და შევძლებთ იმ მძიმე ვითარების გამოსწორებას, რომელიც დღეს საქართველოშია.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მარტვილის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, „ნინო ბურჯანაძე -დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ძლიერი წვიმისა, მოსახლეობა გამოვიდა გარეთ და შეხვედრამ ემოციურად ჩაიარა.
,,მიხარია, რომ შეხვედრაზე 26 მაისის მონაწილეებიც მოვიდნენ. რა თქმა უნდა, გამოხატეს დიდი გულისტკივილი იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ამ ადამიანებისთვის არაფერი არ გააკეთა, არ აღადგინა სამართლიანობა და რეალურად, დღეს ,,ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს იმის საშუალება, რომ გაბედოს, თითი უქნიოს მოსახლეობას და ხელისუფლებაში მობრუნებაზე ილაპარაკოს. დავინახე, რომ მართლაც ბევრი ადამიანი ერკვევა არსებულ რეალობაში. მე მჯერა ამ ადამიანების და მოვუწოდებ მათ, რომ შემოხაზონ ნომერი სამი იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ,,ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა და შანტაჟი საქართველოში და ქვეყანაში მოვიდეს ეფექტური, პროფესიონალი და საქმის გამკეთებელი ხელისუფლება, რომელიც შეძლებს ქვეყნის გამთლიანებას და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

















