პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტის სხდომაზე განხილვამდე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს ქალაქ ლაზიკას სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
როგორც კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, ფაქტიურად, მშენებლობა, რომელიც ამჟამად მომავალი ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარეობს უკანონოა და შავი ფულით ხორციელდება.
„რა თანხა უნდა დაიხარჯოს მშენებლობის პროექტზე 2013 წლის ბიუჯეტიდან და ასევე, წლევანდელი ბიუჯეტის რომელი მუხლის თანახმად ხორციელდება ხარჯების გაწევა იუსტიციის სახლის მიმდინარე მშენებლობაზე. თუ ვერ მიმითითებთ, ეს მშენებლობა უკანონოა და მარცხენა ფულით ხორციელდება“ - მიმართა ბაღათურიამ იუსტიციის მინისტრის მოადგილეს დიმიტრი ძაგნიძეს, რომელმაც ცვლილების პროექტი წარმოადგინა.
ბაღათურიას განცხადებით, შესაბამისი მუხლი ბიუჯეტში არ არსებობს. ასევე, უცნობია რომელი კომპანიები აწარმოებენ მშენებლობას და შეირჩნენ თუ არა ისინი ტენდერის საფუძველზე.
მისი თქმით, ეს არის ნათელი დასტური ქვეყანაში ელიტური კორუფციის არსებობის და შავი ფულის ბრუნვის, რაც დეპუტატის თქმით, სისხლის სამართლის დანაშაულია, რასთანაც პრეზიდენტს აქვს კავშირი.
„თუ სახელმწიფოს ჭაობში იუსტიციის სახლის ასაშენებლად მილიარდები აქვს და ამავე დროს პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდაზე უარს ამბობს, ტრაგედიაა“ - განაცხადა ბაღათურიამ.
როგორც დიმიტრი ძაგნიძემ აღნიშნა, მომავალი ქალაქის პირველადი საბაზისო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში სახელმწიფო იაქტიურებს, შემდეგ კი, ინვესტორებს მიეცემათ ახალი პროექტების განხორციელების საშუალება.
მინისტრის მოადგილემ ვერც თანხა და ვერც სამშენებლო კომპანიები დაასახელა, თუმცა, აღნიშნა, რომ დეპუტატის მიერ წერილობითი თხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს შეუძლია შესაბამისი პასუხის გაცემა.
კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, თუ ელიტური კორუფცია ის არის, რომ ახალი ქალაქი შენდება და ძველ ქალაქებს მათ შორის ისტორიულ ადგილებს რესტავრაცია უტარდება, მაშინ ეს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის საამაყო იქნებოდა.
აქვე, კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ ბაღათურიას უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება სჩვევია.

















