პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მეორე ოქმის საფუძველზე 22 429 941,3 ლარით დაჯარიმდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
სასამართლოს ინფორმაციით, მან საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2012 წლის 7 ივნისს წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე იმსჯელა და ბიძინა ივანიშვილი სამართალდამრღვევად სცნო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ივანიშვილმა საკუთარი მატერიალური სახსრებით პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის კუთვნილი კომპანიების ,,ბურჯისა” და ,,ელიტა ბურჯის” სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომელთა გამოყენებითაც პოლიტიკურ გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მომსახურებას, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ უწევდა.
სასამართლოს ინფორმაციით, აღნიშნული ქმედებით ივანიშვილმა პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ 2 242 994,13 ლარის უკანონო შემოწირულობა განახორციელა, რაც ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა.
„ბიძინა ივანიშვილს უკანონო შემოწირულობის განხორციელებისთვის უკვე შეფარდებული ჰქონდა ჯარიმა, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის გამო კი, მას დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა აკრძალული შემოწირულების 2 242 994,13 ლარის ათმაგი ოდენობით“-ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
ამასთან, საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სამართალდარღვევათა კიდევ ერთი ოქმი განიხილა. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ამომრჩევლებისთვის სატელიტური ანტენების დარიგებას. აღნიშნულ ფაქტზე „ქართული ოცნების“ ლიდერს ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა 126 220 190 ლარის ოდენობით დაეკისრა.
სასამართლოს ინფორმაციით, გადაწყვეტილების გასაჩივრება ივანიშვილის ადვოკატებს დადგენილებების გამოტანიდან 48 საათის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში შეუძლიათ.

















