„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარტიის შესაძლო დაშლის შესახებ გავრცელებულ ხმებს პარტიული მუშაობის დროებით შეწყვეტას უკავშირებს.
როგორც მან დღეს, მეტეხის ტაძრის ეზოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიის წევრები წინა კვირაში საარჩევნო შტაბთან და საარჩევნო თეზისებთან დაკავშირებით მსჯელობდნენ და ერთკვირიანი პაუზაც სწორედ ამას უკავშირდებოდა.
„ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია, დაარსების დღიდან არცერთი დღე არ დაგვისვენია და პარტიული მუშაობა არ შეგვიჩერებია. გამონაკლისი იყო წინა კვირა, როცა საარჩევნო შტაბთან და საარჩევნო თეზისებთან დაკავშირებით ჩავიკეტეთ, დავიწყეთ მუშაობა და ბუნებრიავია, ამან გამოიწვია ჭორები“- განაცხადა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, გავრცელებულმა ხმებმა პარტიის შესაძლო დაშლის შესახებ ზოგი ძალიან გაახარა, თუმცა, „ლეიბორისტული პარტია“ დაშლას არ აპირებს და უახლოეს მომავალში, არც ნათელაშვილი აპირებს პოლიტიკიდან წასვლას.
„ამ ხმებმა ზოგიერთის მწუხარება გამოიწვია, ზოგიერთს კი გაუხარდა. ვისაც გაუხარდა ვიტყვი, რომ - ვერ მოგვართვით. გარწმუნებთ, სანამ „ლეიბორისტული პარტია“ გამარჯვებით არ მოვა ხელისუფლებაში, სანამ არ დაგიბრუნებთ იმას, რაც წაგვართვეს და არ დავამსგავსებთ ჩვენს ყოფას ნამდვილ ცხოვრებას, სანამ მე არ მოვიცვლი ორ საპეზიდენტო ვადას, არსად წასვლას არ ვაპირებ“- განაცხადა ნათელაშვილმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მაჟორიტარული სისტემის მიუღებლობისა, პარტია მალე მაჟორიტარობის კანდიდატებსაც დაასახელებს.
მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტის სასახლე მუზეუმად გადაკეთდება და იქ საქართველოს სხვადასხვა კუთხეების პავილიონები განთავსდება.
მისივე განმარტებით, პრეზიდენტს სამუშაოდ სამოთახიანი ოფისიც ეყოფა და ზოგჯერ ისიც ზედმეტია.

















