„ლეიბორისტული კამპანია“ დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. ამის შესახებ დღეს პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, მეტეხის
ტაძრის ეზოში განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის თავგანწირული ბრძოლა ანტისახალხო რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება და ის აუცილებლდ მივა ლოგიკურ დასასრულამდე.
როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, ასარჩევი ბევრი არაფერია და მოსახლეობამ უნდა აირჩიოს ან „ლეიბორისტული პარტია“ ან ისინი.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ვინც არ იყიდება, მხარს დაგვიჭერს; ის ვისაც სურს, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული არაამერიკული; ვისაც უნდა მიწა-წყლის დაბრუნება, გაყიდული ობიექტების დაბრუნება, ბიუჯეტიდან უფასო ჯანდაცვა ყველა მხარდაჭერას გამოგვიცხადებს“ - აღნიშნა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს უბედურების მთავარი სათავე უკანონოდ გამდიდრებული ფენაა, რომელსაც არ უნდა იმ ბერკეტების გაშვება, რაც ხელში უჭირავს და ამის გამო ხალხი ცუდ დღეშია.
ნათელაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ბიძინა ივანიშვილს ბარაბა უწოდა და აღნიშნა, რომ სანამ მათი კერპები არ დაინგრევა, საქართველოს არაფერი ეშველება.
მან დღესვე, „ლეიბორისტული პარტიის“ რეგიონალური შტაბების უფროსები დაასახელა. თბილისის საარჩევნო შტაბის უფროსი იქნება პარტიის იდეოლოგიური მდივანი კახაბერ ძაგანია; მცხეთა-მთიანეთის, მესხეთ-ჯავახეთის და შიდა ქართლის საარჩევნო შტაბის უფროსი - პარტიის აღმასრულებელი მდივანი პაატა ჯიბლაძე, კახეთისა და ქვემო ქართლის საარჩევნო შტაბის უფროსი - პარტიის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი და სხვა.

















