საქართველოში დაგეგმილი მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის დემოკრატიის ახალი ტესტი იქნება.
ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ გააკეთა თბილისში ნატოს კვირეულის გახსნისას.
,,საქართველომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველი დღე არის ახალი ტესტი და ახალი ნაბიჯი. მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, სწორედ ასეთი ახალი ტესტია. ეს არ არის საიდუმლო და საქართველოს ხელისუფლებამ იცის“ - განაცხადა აპატურაიმ.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან, ძალიან ბრძნული ნაბიჯი იყო, არჩევნებამდე საერთაშორისო დამკვივრებლების მოწვევა, რაც პროცესის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
,,ეჭვი არ მეპარება, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ არჩევნები უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად და ამასთანავე, ნატო-ს სტანდარტების კონტექსში ჩატარდეს“ - განაცხადა აპატურაიმ.
გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ასევე, მწუხარება გამოთქვა ავღანეთში 16 ქართველი სამხედროს დაღუპვასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მნიშვნლოვანია ის, რომ საქართველო არა მხოლოდ ისწრაფვის ნატო-ში, არამედ აცნობიერებს ნატო-ს მნიშვნელობას და თავისი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში.
როგორც აპატურაიმ აღნიშნა, საქართველოში ნატო-ს კვირეულების გამართვას დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების გაცნობიერებისთვის.
თბილისში ნატო-ს კვირეულის ფარგლებში მყოფი ჯეიმს აპატურაი ვიცე პრემიერ-მინისტრს, ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში გიორგი ბარამიძეს შეხვდა. დღის განმავლობაში იგი შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართავს.

















