ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს
აპატურაი დღეს საქართველოს ეწვია.
როგორც „ნიუსპრესს“ ნატოს საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, აპატურაი საქართველოში სპეციალურად ნატოს კვირეულისთვის ჩამოვიდა, რომელიც დღეს იხსნება.
პირველ ოფიციალურ შეხვედრას იგი ვიცე პრემიერ–მინისტრ გიორგი ბარამიძესთან გამართავს. შეხვედრის შემდეგ ისინი საქართველოში ნატოს კვირეულს გახსნიან.
კვირეულის გახსნის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, სამეცნიერო და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართება.
„შეხვედრის მთავარი თემა იქნება ნატოს ჩიკაგოს სამიტის შედეგები. ეს იქნება პირველი ვრცელი დისკუსია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩიკაგოს სამიტის შემდეგ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ლატვიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იანის სარტსი“ - აღნიშნავენ საინფორმაციო ცენტრში.
ნატოს კვირეულს 16 ივნისს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე და ნატოში ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი კესტუტის იანკაუსკასი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დახურავენ, სადაც სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გაიმართება შეხვედრა.
ნატოს დღეები საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება.
კვირეულის ღონისძიებები მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს. დაგეგმილია შეხვედრები სტუდენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. გაიმართება ასევე სპორტული ღონისძიებები, გამოფენები, ექსკურსიები, სხვადასხვა კონკურსები და დებატები.

















